ჩვენ და საქართველო

გამრჯობა! პირველად ვწერ ბლოგზე და თავიდან არ ვიცოდი, რა დამეწერა. მერე, რომ დავფიქრდი, მივხვდი… გამახსენდა ჯიბრან ხალილ ჯიბრანის სიტყვები: „ყოველი სიტყვა უქმია, თვინიერ იმისა, რომელიც ჭეშმარიტებას განაცხადებს“. ჩემი აზრით, დღესდღეობით საქართველოში ყველაზე მეტად უნდა ვილაპარაკოთ ახალგაზრდების მიდგომაზე სამშობლოსადმი. მათ უმეტესობას ავიწყდება, რომ ამდენი გაჭირვების მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახწია დღემდე. ეს კი ქართველების სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულის, მონდომების, საქმის დაუზარებლობისა და უფლის წყალობის დამსახურებაა. დღევანდელ ახალგაზრდებთან შედარებით ჩვენი წინაპრები იყვნენ „სიტყვა საქმიანები და საქმე სიტყვიანები“. დღეს ბევრი კი ამბობს: „მე მიყვარს საქართველო“, მაგრამ რამდენად აისახება მათი ეს სიტყვა საქმეში, ეგ საკითხავია?! როგორც ვაჟა-ფშაველამ „ბახტრიონში“ ლელას ათქმევინა, „ჩემს საცდელს ვეცდები გამგელებითა“, ისე უნდა ვეცადოთ ყველა, რითაც შეგვიძლია, ქვეყანას დავეხმაროთ, წინ წავწიოთ და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს მომავალ თაობას ისეთი სამშობლო დავახვედროთ, რომელიც უკეთესი იქნება „გუშინდელზე“.
რა თქმა უნდა, ყველა რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ეს „რაღაც“ მარტო საკუთარი თავისთვის არ უნდა იყოს. მარტო საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება, „მუცლის გაძღომა“ და ჩემი აზრით, ყველაზე სამწუხარო რამ ახალგაზრდებში (ნუ, ყოველ შემთხვევაშ მათი უმეტესობა), დროის „facebook” – ზე უაზროდ ხარჯვა, არაფერს გვარგებს! არც საკუთარ თავს და სამშობლოს მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კაცი ადამიანი არ არის.
რა თქმა უნდა, იმ აზრისგან შორს ვარ, რომ მხოლოდ გულმოკლე პატრიოტები უნდა ვიყოთ, არამედ სრულებით ვეთნხმები ვაჟას: „გულით პატრიოტები და გონებით კოსმოპოლიტები უნდა ვიყოთ“. თუმცა, პირველ რიგში, მაინც, ჯერ – პატრიოტები, შემდეგ – კოსმოპოლიტები და არა – პირიქით!
დაბოლოს, როგორც შეამჩნევდით, რამდენიმე პრობლემა ჩამოვთვალე, თუმცა არ მითქვამს როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა. ჩემი აზრით ქართველებისთვის ხსნის გზა ერთადერთია – სინანული! არამგონია (უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ), რომელიმე ჩვენგანს უფრო დიდი საქმე ჰქონდეს გაკეთებული, უფრო მეტი ჭკუა – გონება ჰქონდეს და უფო მეტად მორწმუნე იყოს, ვიდრე წმ. დავით აღმაშენებელი. თუ ის დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე, ცოდვებზე, ყველაპერზე და ამის შედეგად დაწერა „გალობანი სინანულისანი“, მაშინ ჩვენ რატომ არ უნდა დავფიქრდეთ, ჩვენს წარსულზე, რა გაგვიკეთებია „ცუდი“ და, რაც მთავარია, როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები! ხოლო, თუ დავფიქრდებით, რატომ იყო დავით აღმაშენებლის ეპოქა, საქართველოს ოქროს ხანა, მაშინ ნამდვილად არ გაგვიჭირდება პასუხის გაცემა!
დიდად მოხარული ვიქნები თუ ერთი ადამიანი მაინც დაუფიქრდება ამ ყოველივეს.

_______________________________
პოსტის ავტორი:თორნიკე ვაჭრიშვილი

ბალანსი პოლიტიკაში – ქალბატონები და მამაკაცები

გენდერული თანასწორობის იდეა და მოდელი საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება და საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ ჩვენს შესაძლებლობებზე გავეჯიბროთ ერთმანეთს ორივე სქესის წარმომადგენლები და კონკურენციაც კი გავუწიოთ. ჩვენ თანამედროვე ეპოქაში წარმატების საწინდარად მახვილ გონებას და მიზანსწრაფულობას ვხედავთ, სწორედ ეს მიზანი დიდი რაოდენობითაც კი აქვთ ქალებს და უდიდესი სიამოვნებით და მოთმინებით ელოდებიან სასურველ შემთხვევას, რომ გაისროლონ ისარი, რომელიც მხოლოდ ათიანში ხვდება. კაცის წარმატების გზა ძირითადად მახვილგონიერებაზე გადის და ნიჭიერებით თუმცა კი ცოტა სიზარმაცით ცდილობს გაიკეთოს კარიერა.
რა როლი აქვთ ქალებს ქართულ პოლიტიკაში? მიზანსწრაფული ეს სუსტი სქესი ქართულ პოლიტიკაში არც თუ ისე ნაკლებადაა წარმოდგენილი, ისინი ოცდამეერთე საუკუნეში უფრო მეტი უფლებებით, ფუნქციებით და მოვალეობითაც კი არიან, რადგან განსაკუთრებული ოსტატობით ქალური ინტუიციითა და საქმის კეთების უნარით გამოირჩევიან. პოლიტიკა ცოტათი თავად ქალსაც კი გავს, რადგან იმდენად სათუთია, რომ ადვილად შეიძლება მისი აფორიაქება, ანუ პოლიტიკური პროცესების არევა და მისი კალაპოტიდან ანუ სიმშვიდიდან ამოყვანა. ისევე, როგორც ქალს პოლიტიკასაც დაფასება და მოფრთხილება, ერთ პოზიციაზე სვლა და დემოკრატიული ღირებულებების დაურღვევლობა სჭირდება, რადგან ქალს თუ თავისუფლებას შეუზღუდავ საშინელებას გამოვიწვევთ, კერძოდ დეპრესია და მოურჩენელი ნევროზი.
მაშასადამე ქალის არსებობა პოლიტიკაში, მითუმეტეს ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. დაბალანსებული გენდერულად გაწონასწორებული პოლიტიკა კი მეტ შედეგსაც მოგვცემს და შემართებასაც გააძლიერებს თითოეულ პოლიტიკოსს შორის, რადგან გაჩნდება კონკურენცია, გაჩნდება თავმოწონების გეგმები და სიტუაციაც უფრო დინამიურად განვითარდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და ასაკობრივი ბარიერი მითუმეტეს ქართულ პოლიტიკაში დეგრადაციას გამოიწვევს და ხელს შეუშლის საქართველოს განვითარებას. ახალგაზრდა ქალბატონები, რასაკვირველია მეტი თანამედროვეობით და ტექნოცოდნით გამოირჩევიან. უკვე არც თუ ისე ახალგაზრდა ქალბატონების პოლიტიკა მეტად დახვეწილი, გამოცდილი და უფრო ინტელიგენტურ იერს იძენს და უფრო მეტი სანდომიანობითაც კი შეიძლება გამოჩნდეს მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე.
საინტერესოა მამაკაცების აქტიური პოლიტიკური პროცესები, რომელიც მეტი ქარიზმატულობით, მეტი ცეცხლით მართავენ პროცესებს და უფრო მეტი გონებისა და ნიჭის კარნახით მოქმედებენ. აამოქმედებენ რა მამაკაცურ ინსტინქტებს პოლიტიკური თავშეუკავებლობა ვლინდება. დამალავენ თუ არა ამ ინსტინქტებს მაშინვე ყალბი პოლიტიკა იკვეთება და თუმცა სიყალბე არ ვარგა მაინც მეტი პატივისცემით სარგებლობენ ასეთი ტიპის პოლიტიკოსები საკუთარ ამომრჩევლებში თუ მსოფლიოს ფართო ასპარეზზე. მაშასადამე თავშეკავებული, ნიჭიერი, ქარიზმატული პოლიტიკა ბევრად გამართლებულია და მამაკაცებს შორისაც მეტი მრავალფეროვნებისთვის არ უნდა არსებობდეს ასაკობრივი ზღვარი. ასაკოვანი პოლიტიკოსიც ისევე, როგორც ამ ასაკის ქალბატონი, ინტელექტუალურს ხდის პოლიტიკას, მეტად ინტელიგენტურ იერს სძენს და თამამად მართავს მიმდინარე პროცესებს.
„თუ პოლიტიკაში რაიმეს თქმა სურთ, მამაკაცს ეკითხებიან, თუ გაკეთებაა – ქალს“. ეს ბრწყინვალე რკინის ლედის სიტყვებია და შეიძლება ამ მოსაზრებამ კამათიც კი გამოიწვიოს ყოვლისმცოდნე საზოგადოებაში და ერთთავად განამტკიცოს ჩემი ვარაუდი, რომ მამაკაცები ნიჭით ქალბატონები კი მიზანსწრაფულობით და შრომისუნარიანობით გამოირჩევიან. უნდა ვთქვათ ისიც, რომ გენდერული ბალანსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ასაკობრივი და ასეთი პოლიტიკა ქვეყანაში ფასდება, შედეგს იღებს და აღწევს პოლიტიკურ მიზნებს საერთაშორისო სარბიელზე.

___________________
პოსტის ავტორი: გიორგი ჩუბინიძე

2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები

მთავრობის ფორმირება
სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდედო მანამ მინდა გითხრათ, რომ, ის რაც ამ ბლოგზე იქნება წარმოადგენს ჩემს სუბიექტურ აზრსა და დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხებისადმი. როგორც მოგეხსენებათ 2010 წელს პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ამჯერად მე არ მიმოვიხილავ ყველა ცვლილებას, ვიმსჯელებ მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც სახელმწიფო მოწყობას შეეხება.

ჩემი აზრით უპრიანი იქნება საკითხის განხილვამდე მიმოვიხილოთ თუ რა მოწყობის ქვეყანაში გვიწევდა და გვიწევს ცხოვრება. საქართველომ დამოუკიდებლობის ამ 20 წლის განმავლობაში გაიარა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო მოწყობის მოდელი. (არ გაგვივლია მონარქია) ბოლო მოდელი კი იყო შერეული მმართველობა, ე.წ. საპრეზიდენტოსკენ გადახრილი, რასაც ექსპერტთა დიდი ნაწილი სუპერსაპრეზიდენტო მოდელსაც კი უწოდებს. თუ ამ მოდელს დავუკვირდებით რთულია მათ არ დაეთანხმო.

ახლა კი მივყვეთ მოვლენებს…
სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პინციპია ხელისუფლების დანაწილება. სწორედ ამიტომ ქვეყანაში არსებობს სამი ხელისუფლება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები. ერთი შეხედვით ეს სამი შტო ერთმანეთის დამოუკიდებლად არსებობს და უნდა არსებობდეს კიდეც, მაგრამ ეს ასე არ არის, აღნიშნულს უპირისპირდება სხვა კონსტიტუციური პრინციპები: ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების. ეს უკანასკნელნი კი ნიშნავს, რომ სახელისუფლებო შტოებმა ერთმანეთი უნდა აკონტროლონ. შეიძლება დაინტერესდეთ, როგორ? პასუხი მარტივია. საკანონმდებლო ხელისუფლება მონაწილეობას იღებს მთავრობის ფორმირებაში. სასამართლო ხელისუფლებას შეუძლია ორივე შტოს წარმომადგენლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებების გატარებაში მონაწილეობის მიღება. (მაგალითად იმპიჩმენტის დროს) თავად სასამართლო ხელისუფლება შებოჭილია იმ კანონებით რომელსაც იღებს საკანონმდებლო ხელისუფლება და გამოსცემს აღმასრულებელი, (ამ შემთხვევაში პრეზიდენტი) და ა.შ. აღნიშნული სავსებით ნორმალურია და კარგად დაბალანსების შემთხვევაში მთელი სახელმწიფო აპარატის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუკი ერთ-ერთი შტო მიიღებს იმაზე დიდ უფლება-მოსილებას ვიდრე მისი მუშაობისთვისაა საჭირო?
სწორედ ეს მოხდა 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ. მიუხედავათ იმისა რომ ცნობილი კონსტიტუციონალისტები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ გასულიყო, მისი შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა და მივიღეთ კონსტიტუციური დიქტატურა. მიუხედავათ იმისა, რომ ეს ტერმინი საკმაოდ ყურისმომჭრელი შეიძლება იყოს, მისი გამოყენება სავსებით ლოგიკური და სამართლიანია ამ შემთხვევაში. რა არის დიქტატურა? ერთის მმართველობა. დიქტატურაა მაშინ როდესაც ერთი ადამიანი ან ერთი მცირე ჯგუფი იღებს მმართველობის მთელ სადავეებს. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნებოდა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტი წარადგენდა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო. მე_80 მუხლის მე_2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით. “საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების
მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ
შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში – მთავრობის წევრების
კანდიდატურებს. ამ პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული პროცედურის
დასრულებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს
მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.” მხოლოდ ამ მუხლის არსებობას შეუძლია შექმნას მთელი რიგი პრობლემები, მაგალითად, თუკი პრეზიდენტი წარადგენს იმ მინისტრთა კაბინეტს, რომელმაც ნდობა არ დაიმსახურა წინა არჩევნებში, რა თქმა უნდა, პარლამენტი მას ნდობას არ გამოუცხადებს.
პრობლეემბი და გაუგებრობები ამით არ ამოწურულა. ამავე მუხლის შემდეგ ნაწილებში საუბარია იმაზე, როდესაც პარლამენტი არ გამოუცხადებს ნდობას ზედიზედ სამჯერ მინისტრთა კაბინეტს… ამ დროს პრეზიდენტს უფლება აქვს წამოაყენოს პრემიერ-მინისტრობის ის კანდიდატურა რომელიც მას სურს, და დანიშნოს ის მინისტრები რომელიც ამ პრემიერსა და პრეზიდენტს უნდა. ამ შემთხვევაში პარლამენტის აზრს მნიშვნელობა არ ააქვს. პრეზიდენტი თავის საქმეს ერთპიროვნულად და დაუბრკოლებლად გააკეთებს. შემდეგ კი პარლამენტსაც დაითხოვს. რა არის ეს თუ არა დიქტატურა?
კონტინენტური ევროპის ქვეყნებში ჩვენ გვხვდება შემთხვევები, როდესაც პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს პრეზიდენტს, მაგრამ მათი და ჩვენი შემთხვევა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტს რამდენჯერმა დაუთხოვია პარლამენტი მას შემდეგ რაც “კოჰაბიტაცია” ვერ შედგა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, მაგრამ საფრანგეთის კონსტიტუციით არჩევნების ჩატარებისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე უფლებამოსილება უნარჩუნდება ძველს რაც სავსებით ლოგიკური და მისაღებია.
რამდენჯერმე მოვისმინე თუ როგორ ცდილობდა ზოგი პოლიტიკოსი საერთო ხაზების დანახვას ფრანგულ და ქართულ მოწყობაში… მე აღნიშნულის დანახვა ძალიან მიჭირს და შევეცდები ავხსნა რატომაც.
ფრანგული მოდელის მიხედვით მთავრობის ფორმირებაში ვერ ერევა პრეზიდენტი, მისი ფორმირება შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს ხოლო შემდეგ ეს მინისტრთა კაბინეტი ანგარიშვალდებული ხდება პრეზიდენტის მიმართ. ეს არის უნიკალური მიდგომა იმ მხრივ, რომ მთავრობა უხეშად რომ ვთქვათ გამოდის საკანონმდებლო ორგანოდან და ექვემდებარება შემდეგ პრეზიდენტს. ეს არის ძირეული სხვაობა ამ ორი ქვეყნის კონსტიტუციებს შორის და ის უნიათო მცდელობა, რომ რაიმე სახის პარალელი ყოფილიყო გავლებული, რა თქმა უნდა ჩავარდა.
ზემოდ ვახსენე ფრანგული მოდელი და “კოჰაბიტაცია” ამიტომ არ შემიძლია ამ ტერმინზე არ ვისაუბრო… აღნიშნული ტერმინის ნაცვლად თქვენის ნებართვით გამოვიყენებ სიტყვა თანაცხოვრებას, მარტივი მიზეზის გამო, “კოჰაბიტაცია” ქართულად თანაცხოვრებას ნიშნავს. რაში გამოიხატება თანაცხოვრება პოლიტიკაში? აღნიშნული ტერმინი წარმოიშვა საფრანგეთში, როდესაც პრეზიდენტს უწევდა აეტანა მისთვის არასასურველი მინისტრთა კაბინეტი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს ორი გამოსავალი. ან აიტანოს ახალი პრემიერი ან დაითხოვოს პარლამენტი. ეს უკანასკნელი რამდენჯერმე განხორციელდა ფრანგულ რეალობაში, ეს ხდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ახალ არჩევნებში ის გაიმარჯვებს… თუ პარლამენტის დათხოვნა არ ხერხდება მაშინ იწყება თანაცხოვრების რთული პერიოდი. მიუხედავათ ამ სირთულისა, ფრანგებმა გამოსავალი მარტივად პოვეს. პრეზიდენტმა და პრემიერმა გადაინაწილეს საშინაო და საგარეო უფლებამოსილებები და ასე მიიყვანეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე…
მიუხედავათ ჩემი ღრმა პატივისცემისა ფრანგების მიმართ, აღნიშნული მოწყობით აღფრთოვანებული ნამდვილად არავარ. ვთვლი, რომ შერეულ სისტემებში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე ყოველთვისაა. რა არის პოლიტიკური კრიზისი? ჩემი აზრით კრიზისი არის მაშინ, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხვდება ორი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი, აი ეს არის კრიზისი და კარგი იქნება თუკი ამას არ დაუშვებს კონსტიტუცია. მაგალითად ამერიკული მოდელით შეუძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების ორპარტიულობა, შეიძლება სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მოვიდეს ოპოზოცოა, მაგრამ მათ არააქვთ ბერკეტი ზემოქმედება მოახდინონ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
და ბოლოს მინდა დავასრულო იმით, რისთვისაც ამ ბლოგის წერა დავიწყე. ჩემი აზრითა და ღრმა რწმენით კონსტიტუცია უნდა იყოს დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და არა პირიქით. სწორედ ამიტომ კონსტიტუციონალისტებმა უნდა იმუშაონ კრიზისების აღმოსაფხვრელად და არა იმისთვის რომ ეს კონსტიტუცია რომელიმე პიროვნებებს მოარგოს. სამწუხაროდ ასეთი კონსტიტუციონალისტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა მაგრამ საბედნიეროდ ამ მცირე ჯგუფის დიდი ნაწილი დღეს საკანონმდებლო ორგანოშია და რუდუნებით მუშაობს ამ საკითხებზე. რა შეგვიძლია ვუთხრათ მათ? მადლობა და ვუსურვოთ წარმატებები.

_______________________
პოსტის ავტორი:თორნიკე ართქმელაძე

ქართულ პრესას მაკულატურაშიც აღარ იბარებენ

ქართული საზოგადოების ცხოვრება, ზირითადად მრავალი სახის პრობლემატიკაზეა აგებული და შეძლებისდაგვარად შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას. მივყვებით ცხოვრების დინებას და ჩვენი უარყოფითი დარდიმანდული ბუნება გვჯაბნის და მთლიანად გვაჩლუნგებს ხშირად. რეალობას ვშორდებით, ზღაპარში ვიმყოფებით და სულ არ გვაინტერესებს რა ხდება ქვეყანაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთა სამყაროში.
თუ რაიმე პრობლემა გამოჩნდა სანამ ფეისბუქზე არ ატყდება ერთი ამბავი და ვაივიში მანამდე პრობლემას ვერც ვხედავთ და არც გვინდა, რომ დავინახოთ. მსგავსი პრობლემა გვქონდა დავით გარეჯთან დაკავშირებით, რომელზეც გვაფრთხილებდნენ, გვესაუბრებოდნენ, გვიჩიჩინებდნენ, გვირჩევდნენ, რომ მიგვეხედა, რადგან მოიწევდნენ დღითიდღე მესაზღვრეები და ერთ დღესაც შეიერთებდნენ ქართულ კერას. ჩვენ კი ეს არ გვეჯერა და, რომ წაგვართვეს, ვერც მაშინ დავიჯერეთ სანამ ერთი ორმა კარგმა ქართულმა ორგანიზაციამ ინტერნეტ სამყაროში განგაში არ ატეხა. მაინც რა გვჭირს ქართველებს, ალბათ ახალი სინდრომი ფეისბუქომანია დაგვემართა და მის გარეშე პრობლემას ვერ ვხედავთ. გაუთავებელი კრიტიკა, გაუთავებელი ქილიკი, ლანძღვა-გინება, ჭორი, შფოთი და არეულობა. ვის დავცინით, რას ვაგინებთ თუ გვესმის საერთოდ. გაზიარებული პატრიარქის ფოტო და ქვემოთ მოწონებული ბილწი სტატუსი. მოგვწონს ასე და ვისი რა საქმეა ჩვენ თავისუფლები ვართ და ქვეყანაში ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრიო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება სადაც ჩემი იწყება და ნუ დავიკავებთ ერთმანეთის ტერიტორიებს.
თანამედროვე ქართული პრესა ჭეშმარიტად მაკულატურაა და სხვა არაფერი იშვიათი გამონაკლისის გარდა. ქართული პრესა სხვა არაფერია თუ არა სოციალური ქსელის ექო. ლანძღვა და სუბიექტურობა არც აქ გვაკლია და სრული ქაოსი და განუკითხაობაა. ძირითადად ორი მხარე არსებობს მკვეთრად ოპოზიციური და მკვეთრად სახელისუფლებო. ორივე ერთმანეთზე უარესი და ნაგვისთვის ცოდო, მაგრამ მაკულატურისთვის დაუძველებლად ვარგისია. პრობლემა ისაა, რომ ქართულ პრესას მაკულატურაშიც აღარ იბარებენ, რადგან მაკულატურები აღარ არსებობს. თუ სადმე არსებობს კი ძალიან იშვიათია. როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი? რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა ობიექტური, მერე სამართლიანი, უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, გააანალიზოს, კარგად დაგვიღეჭოს და უფლება მოგვცეს თავად გადავწყვიტოთ გადავყლაპოთ თუ არა ის. რას აკეთებს თანამედროვე ქართველი ჟურნალისტი? წერს იმას რაც ხელფასს მოუტანს და არა მკთხველს. წერს იმას რაც დაეხმარება სამსახურებივ დაწინაურებაში და არა ხალხის თვალში ამაღლებაში. წერს იმას რაც ენაზე მოადგება, არა მას არამედ სხვას, უფროსს ვინც ხელფასს უხდის ჟურნალისტს. არადა რამდენი კარგი უმუშევარი ჟურნალისტია. ბოლოს და ბოლოს ჟურნალისტობა უცხო ენის ცოდნით ხომ არ გამოიხატება, არამედ წიგნიერებით, შეფასების და გამოხატვის უნარით. სუბიექტურობის დაფარვით და ობიექტურობის წინ წამოწევით.
„მედია სივრცე მეოთხე ხელისუფლებააო“ ცნობილი და მიღებული ფრაზაა. მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ასეცაა, მაგრამ საქართველოს რეალობაში უფრო იუმორისტულ გადაცემაში გაჟღერებულ ფრაზას გავს. აბა შეხედეთ ჩვენს მედიას, მოგინდებათ სპეციალური ჯილდო გადასცეთ, რომელიმე ქართულ ტელეკომპანიას, ობიექტურობის გავრცელების საქმეში. აქაც სრული დეზინფორმაცია და იდიოკრატიის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე. რატომ უნდა ჩასვას ქართულმა ტელეკომპანიამ ცინიკურად რომელიმე სიტყვათა წყვილი პრჭყალებში, და რატომ უნდა წაიკითხოს რეპორტაჟის ავტორმა ისეთი ტექსტი, რომელიც არც ვინმეს კომენტარითაა განმტკიცებული და არც რაიმე დოკუმენტაციით. ა__ქ უფრო ჟურნალისტის სუბიექტურთან გვაქვს საქმე და ყოველმხრივ ირღვევა ჟურნალისტიკური პრინციპები.
ყველა ჩიტი სხვაგვარად ჭიკჭიკებს. ყველას მომავლის ეშინია და საკუთარ თავზე და ჯიბეზე ფიქრობს. მაგრამ სადაა მორალის ნორმები, რომელიც თითოეულ ადამიანს აკისრია. იქნებ თქვენთანაა მკითხველო. რასაკვირველია ძალიან კარგია თუ ასეა და მე ბედნიერი ვარ, რომ შეგიძლიათ იყოთ კარგის და ცუდის გამრჩევები და მედია სივრცეს მოვუწოდოთ დაგვამახსოვრონ თავი მეტი ობიექტურობით, თორემ საინფორმაციო სანაგვეც არსებობს ტეევიზიისთვის და პრესისთვის თუ მაკულატურა მათ არ მიიღებს მაშინ ნაგავს შეუერთდება, როგორც მდინარე უერთდება ზღვას და ზღვა ოკეანეს და ასე ერთად ატარებენ დროს წყალნი დედამიწისანი.

__________________
პოსტის ავტორი: გიორგი ჩუბინიძე

გახდი ჩვენიანი!

baneri-200x100.jpg
არ ვიცი წაკითხული გაქვს თუ არა, ჩემი პოსტი, “შენი თვალით დანახული “ჩვენ””. თუ გაქვს კარგია თუ არადა წაიკითხე(მეგობრული რჩევა).

მაშ ასე , სულ რამდენიმე კვირით ადრე, მე მოგიყევი ჩვენზე. იმაზე, რომ აუცილებლად უნდა გამხდარიყავი ჩვენიანი. თუ რატომ უნდა გამხდარიყავი, ეს ზემოთხსენებულ პოსტში მაქვს ნათქვამი და აქ აღარ შეგაწყენთ თავს.

“საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი” ამის კარგ შანს გაძლევთ!

-თუ ხარ 18-25 წლის მოტივირებული ახალგაზრდა.
-გინდათ ტრიბუნა თქვენი არგუმენტირებული პოზიციების დასაფიქსირებლად.
-გსურს გახდე მონაწლიე კანონ-პროექტების განხილვა-მიღებაში.
-მიიღო თეორიული ცოდნა.
-შენი წვლილი შეიტანო საქართველოს განვითარებაში.
-შეიძინო ბევრი მოტივირებული მეგობარი.

მაშინ, 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი შენი შანსია. არ დაგავიწყდეს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო.

ყველას გისურვებთ წარმატებებს.

დამატებითი ინფორმაცია(სააპლიკაციო ფორმა; სხვა პირობები; გაგზავნის ვადები და ასე შემდეგ) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ვიცი ამ პოსტს შენც ნახავდი, ჯერ არ გამხდარხარ 18 წლის ხომ და გინდა გახდე ახალგაზრდა პარლამენტარი?
გული არ დაგწყდეს, 2014; 2015; 2016; 201… მოწვევის პარლამენტები წინ არის.
მანამდე კი შეგიძლია ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტებში ჩაერთო.

_______________________
პოსტის ავტორი: გივი ბოჭორაძე

რა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა

საქართველოს პოლიტიკურ კურსზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას იმ ეკლიან გზას, რომელსაც დემოკრატია ჰქვია. მთავრობა ცდილობს ქვეყანა გახადოს დემოკრატიული, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა ადამიანი იყოს თანასწორი: კანის ფერის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
ამ ადამიანებს სჭირდებათ გარემო სადაც ისინი თავისუფლად იცხოვრებენ და არა ქვეყანა სადაც მათ დისკრიმინაციას ახდენენ. ხშირად ხალხი ამბობს: ,,ჩვენ გვინდა დემოკრატიული სამშობლო’’ მაგრამ ამავდროულად სურთ დემოკრატია საკუთარ ადათებს და მენტალიტეტს (რომელიც უკვე კარგა ხანია გაცვდა) მოარგონ. ზუსტად ისე, როგორც თვითონ აწყობთ. ხალხს მაშინ ახსენდება მენტალიტეტი, როცა სხვა ჩადის ქვეყნისთვის და ,,ქართველისთვის’’ შეუფერებელ საქციელს, მაგრამ მენტალიტეტი ვიღას ახსოვს, როცა თვითონ სჩადის ამგვარ საქციელს.
სადაა მენტალიტეტი მაშინ, როცა მსოფლიო ,,წალეკეს’’ ქართველმა ქურდებმა?! სადაა მენტალიტეტი მაშინ როცა ოჯახებში ქალები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი?! განა ეს შეგვეფერება ქართველებს? ესაა ჩვენი მენტალიტეტი?
ეს არაა ქართული მენტალიტეტი, ეს ,,ნაგავია’’ ეს ,,ამაზრზენია’’.
დემოკრატია მხოლოდ ერთეულებისთვის არ უნდა იყოს, ეს ყველას უნდა ეხებოდეს. საქართველოში დემოკრატია მანამ ვერ მოიკიდებს ფეხს, სანამ ხალხსის მსოფმხედველობა არ შეიცვლება. სანამ არ ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას, დაფასებას და არ დავივიწყებთ: შურს, გაუტანლობას, რომელმაც საქართველო უფსკრულამდე მიიყვანა.
უკეთესი იქნება თუ ყველა თავისი ცხოვრებით იცხოვრებს. ასე ნაკლები პრობლემები გვექნება. ნათქვამია: ,,ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა, ჩვენვე რომ არ ვართულებდეთო’’
დემოკრატია უნდა იგრძნოს ყველამ. ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული. კარგია შევინარჩუნოთ ადათები, ტრადიციები, მაგრამ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, რომ შეგვბოჭოს. მუდმივად ერთ დონეზე ვერ გაჩერდება საქართველო, ადათი სულ იქნება მაგრამ თევისუფლება და კეთილდღეობა, ისეთი რამაა, რასაც განვითარება სჭირდება, ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ღვინით და მეტრიანი სადღეგრძელოებით ვერაფერს მივაღწევთ, თუ არ განვვითარდით.
საქართველოს სჭირდება, ძლიერი ხელისუფლება, ძლიერი ხალხი და არა მერყევი, როელთაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ. ამ პატარა ქვეყანას სჭირდება ნამდვილი პატრიოტები, რომელნიც ზუსტად გააკეთებენ იმას რაც ქართველი ხალხისთვის და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისცემენ ხალხს იმას რაც სჭირდებათ და არა რაც უნდათ.

___________________
პოსტის ავტორი: გიორგი მჭედლიშვილი

მე-დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე ანუ ჩამაცვით ჯინსები!

მოდი დავარქვათ წინათქმა:
მახსოვს, პირველად, „ჯინსების თაობის“ კითხვა რომ დავიწყე(3 წლის წინ) შუაში გავჩერდი და კარგა ხანი აღარ გამიგრძელებია კითხვა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მომეწონა. მომეწონა, არა მწერლის შემოქმედება და მხატვრულობა, არამედ შინაარსი-თემა. მინდოდა კიდევ უფრო დიდ ხანს გამყოლოდა ეს სიამოვნება და არ ვაგრძელებდი კითხვას. მერე უკვე ინტერესმა მომკლა და ბოლომდე წავიკითხე.

თვითმფრინავის ხალხი (გამტაცებლებსაც და „გატაცებულებსაც“ ერთად მოვიხსენიებ ამ შემთხვევაში) ჩემი აზრით მსხვერპლნი გახდნენ არადემოკრატიის!? დემოკრატია? რა არის დემოკრატია?

თუ ისტორიის სახელმძღვანელოებს დავუჯერებთ, ბოლოში მინაწერით გავიგებთ, რომ დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხის მართველობას ნიშნავს. გვასწავლეს, ვისწავლეთ, მაგრამ რაა? ჩემი აზრით არაფერი! დემოკრატია ყველას თავისებურად ესმის, მეც, დემოკრატია მაგონებს თვალთან ახლოს მიტანილ საგანს, რომელსაც სანამ შორს არ გავწევთ ვერ აღვიქვამთ თუ რა არის, კარგია ის თუ ცუდი. დემოკრატიასაც და საერთოდ ნებისმიერ მართველობასაც შორიდან უნდა შევხედოთ, დრო უნდა გავიდეს სახელმწიოფო მართველობიდან, რომ მერე მას ვუწოდოთ მონარქია, დემოკრატია თუ ტირანია ან ნებისმიერი სხვა. თანამედროვეობაში კი ძნელი გამოსაცნობია ყოველივე.

არც ისე შორს წავიდეთ, ბოლშევიკები და მენშევიკები, ზოგისთვის ბოლშევიკები იყვნენ გზა ხსნისა, რაც გინდათ ის უწოდეთ გინდა დემოკრატია და გინდა სხვა მართველობის ფორმა, ზოგისთვისაც მენშევიკები. გავიდა პერიოდი და ვინ იტყვის, რომელიმე წყობაზე, ამ ორთაგან, რომ რომელიმე იყო დემოკრატიული.
ცოტა უფრო ახლოს მომხდარი მოვლენები გავიხსენოთ: შეთქმულებები და აჯანყებები, კალმით ბრძოლა თუ სიტყვით. დახვრეტვა თუ გადასახლება, დაშინება თუ სამსახურიდან გამოშვება. 1937 თუ 1956 წლის 9 მარტი, რომლის ქრონიკებიდანაც ვიგებთ, რომ აქციის მსვლელობისას გაისმა მოწოდება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა. სსრკს ძალიან აშინებდა ასეთი მოწოდებები და რაც მოხდა იქ ჩემზე უკეთესადაც გეცოდინებათ. არადა იმ დროინდელი საზოგადოებისთვის რომ გეკითხა, თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრობდნენ,(სავარაუდოდ) 90%ზე მეტი ამაყად გეტყოდა , დემოკრატიულ ქვეყანაშიო. რა უნდა გაგიკვირდეს? არცარაფერი, ისინი ხომ მარტო სსრკ-სებულ ისოტრიის და სსრკს დაშტამპულ წიგნებს კითხულობდნენ, სადაც მეტრაქტორე და კოლმეურნე იყო პრიორიტეტული( არ იფიქროთ, რომ ვინმეს შემოქმედებას ვაკნინებ). მათთვის, რომ გეკითხა თუ რა არის დემოკრატია, ასევე თამამად გიპასუხებდნენ, დემოკრატია ისაა, რომ არ გვშია, არ გვწყურია, არც გვცივა და ასე წაყვებოდნენ მატერიალურს. კი მატერიალურიც საჭიროა, მაგრამ, ისევ ჯინსების თაობის თემას დავუბრუნდები, როგორ ფიქრობთ, თვითმფრინავის ბიჭებს(ზოგისთვის ტერორისტებს, ჩემთვის კი გმირებს) მატერიალური აკლდათ? არა და არა! მათ ის აკლდა რაც ყველას, თუმცა მათ „ჯინსები ეცვათ“. მათ არ შეეშინდათ ისეთი ქვეყნის, რომელსაც ატომური ენერგოსადგური ჰქონდა, მაგრამ ეშინოდათ ჯინსების. ჯინსების, რომელსაც სხვა დატვირთვა მისცეს. მათ უბრალოდ აკრძალეს ჯინსები, იმიტომ რომ ვერ აწარმოეს. და ისევ განვმეორდები, ასეთ ქვეყანაზე იტყვის ვინმე დემოკრატიული იყოვო? არა, იმიტომ რომ დრო გავიდა და შეაფასეს. ზოგისთვის დესპოტურია, ზოგისთვისაც ნაკლებად დესპოტური, მაგრამ არა დემოკრატიული.

დავიბადე მეც. მოვიდა ერთი პრეზიდენტი, გადააგდო მეორემ, მეორე-მესამემ, მესამესაც ექაჩებიან, მაგრამ ვერ გადააგდეს. ნუ უფლებები შეუზღუდეს. იყო კი გასული საუკუნის 90-იანი წლები დემოკრატიული? მე ჯერ კიდევ ვყოყმანობ, ვიტყვი არას-მაშინვე მახსენდება, კი მაგრამ რატომ არა? გაჭირვება ხომ არადემოკრატიულობას არ ნიშნავს. ვიტყვი-კი, იყო დემოკრატიული, მაშინვე მახსენდება, კი მაგრამ სად აღსრულდა ხალხის ნება? მაგრამ უფრო არ იყო, ვიდრე იყო. უფრო მეტი დრო მჭირდება ამის გასაანალიზებლად.
ვფიქრობ ახლა იმაზე თუ სად იყო დემოკრატია ყველაზე მეტად ჩემს ცნობიერებაში? ა, მახსენდება მხოლოდ 23 ნოემბერი, ეგაც იმიტომ, რომ წიგნის განმარტებას ვუჯერებ, მაშინ ხომ აღსრულდა ზემოთხსენებული განმარტება? ხალხმა მართა ქვეყანა(!?) ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ ვინ მართა და რა ფორმით.
ყოველ თვე აქციეები იმართებოდა, ამ უკანასკნელი 10 წლეულის მანძილზე. ჰმ, დემოკრატიააო ხალხის მართველობა და მისი ნების არულება, ხო და გავიდეთ, ვიყვიროთ გადადექი, გადდექი არ გადადგეს, წავიდეთ სახლში, ახლა ისევ თავიდან. არაა ეს დემოკრატია არა! (ჩემი აზრით)

და ბოლოს, მე ჩემ თავს დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს ვერ ვუწოდებ, ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, დემოკრატიაზე. უბრალოდ მე ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიყვარსს, იმ ქვეყნისა, რომელსაც ყველგან დავიცვავ რითაც შემეძლება. ახლა კი თქვენზე და თქვენს შეხედულებებზეა დამოკიდებული იმის განსჯა, ვარ მე-დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე თუ არა.

უბრალოდ დრო მჭირდება, დრო გასაანალიზებლად…

_________________
პოსტის ავტორი: გივი ბოჭორაძე